რწყილები ძაღლებში. როგორ მოვიქცეთ?

რწყილები ძაღლებში. როგორ მოვიქცეთ?

რწყილები გარდაუვალია ნებისმიერი ძაღლისთვის, რომლის პატრონები რეგულარულად არ მკურნალობენ თავიანთ შინაურ ცხოველს ამ ყველგან გავრცელებული პარაზიტების საწინააღმდეგო სპეციალური მაღალი ხარისხის პრეპარატებით. გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ რწყილებით შეიძლება დაავადდეს მხოლოდ ქუჩაში, ქუჩის ძაღლებთან კონტაქტით და სხვა მხრივ შინაურ ძაღლებს არ ჰყავთ რწყილები. და თუ პატრონი ძაღლზე რწყილებს ვერ ამჩნევს, მაშინ ისინი იქ არ არიან და მკურნალობა არ არის საჭირო. სინამდვილეში, ყველაფერი ასე არ არის.

საიდან ჩნდებიან რწყილები?

რწყილები ყველგან არიან და შესანიშნავად ცოცხლობენ ნებისმიერ პირობებში. მათ შეუძლიათ იცხოვრონ გარეთ, ბინებში, სარდაფებში, ფარდულებში – თითქმის ყველგან. ზრდასრულ რწყილებს მუდმივად აქვთ შეხება ცხოველთან, მაგრამ ეს არის მთელი რწყილების პოპულაციის მხოლოდ 5%, დანარჩენი 95% არის გარემოში: კვერცხები, ლარვები და ჭუპრები (რწყილის განვითარების სხვადასხვა ეტაპები). წარმოვიდგინოთ, რომ ძაღლზე 5 ზრდასრული რწყილი ცხოვრობს… ეს ნიშნავს, რომ ბინაში (ადგილი, სადაც ძაღლი ცხოვრობს) არის კიდევ 50 კვერცხი, 40 ლარვა და 5 ჭუპრა. რწყილის სასიცოცხლო ციკლი გრძელდება 3-დან 8 კვირამდე – ეს დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ ორ კვირაში შესაძლოა თქვენს ბინაში გაჩნდეს ახალგაზრდა და ენერგიული რწყილები.

რატომ ბინაში?

ზრდასრული მდედრი რწყილი დღეში 50-მდე კვერცხს დებს, ეს კვერცხები არ ჩერდება ცხოველის ბეწვზე და თავისუფლად ხვდება გარემოში – იატაკის ნაპრალებში, ჩარჩოს ქვეშ, ხალიჩაზე ან დივნის ბალიშებში. კვერცხიდან ლარვის წარმოქმნა ხდება 1-6 დღეში, ლარვის სტადია გრძელდება 2-3 კვირა, ამ დროის განმავლობაში ლარვა იზრდება, რის შემდეგაც იგი იქცევა ჭუპრად, რომელშიც უსაფრთხოდაა გახვეული ახალგაზრდა რწყილი.
ჭუპრაში რწყილებს შეუძლიათ 200 დღემდე გაძლება.
ამასთანავე, იმუნიტეტი აქვთ ინსექტიციდებით დამუშავების მიმართ და შეუძლიათ გამოჩეკვა ძალიან მოკლე დროში, როდესაც პოტენციური „მასპინძელი“ გამოჩნდება.

რატომ არ ჩანს რწყილები ძაღლზე?

იმის გამო, რომ ჯანმრთელ ძაღლს მხოლოდ რამდენიმე მათგანი ეყოლება (ძაღლები მშვენივრად იჭერენ და კბენენ რწყილებს), რწყილების დიდი რაოდენობა შეიძლება ნახოთ მხოლოდ ავადმყოფ ან ძლიერ დასუსტებულ ცხოველებზე. რწყილები საკმაოდ პატარა და მოძრავი არსებებია, ხოლო გრძელი ბეწვის მქონე ძაღლებში მათი დანახვა უფრო რთულია.

რატომაა რწყილები საშიში?

სინამდვილეში, რწყილები არა მხოლოდ სისხლის მწოველი პარაზიტები არიან, არამედ დაავადების მატარებლებიც. მაგალითად, კიტრის ჭიით (ლენტისებრი ჭიით) დაინფიცირება ხდება სწორედ რწყილების საშუალებით. გარდა ამისა, რწყილებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია მათ ნერწყვზე რეაქციებთან, ასევე კანის მწვავე ბაქტერიულ ინფექციებთან, რომლებიც ,თავის მხრივ, დაკავშირებულია ნაკბენის ადგილზე ანთებით რეაქციასთან და მეორადი ინფექციის განვითარებასთან. გარდა ამისა, რწყილები შეიძლება იყვნენ ადამიანების დაავადებების მატარებლებიც.

მკურნალობა და პრევენცია

რწყილებისგან ერთადერთი დაცვაა შინაური ცხოველის რეგულარული, ყოველთვიური, მკურნალობა სპეციალური პრეპარატებით, ყველაზე ხშირად ეს არის წვეთები ზურგზე; ეს წვეთები შეიცავს ზრდის რეგულატორებს და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ზრდასრულ რწყილებზე, არამედ მათ კვერცხებსა და ლარვებზე. შამპუნებით დაბანა არ არის ეფექტური რწყილის საწინააღმდეგოდ, რადგან ის მხოლოდ ძაღლზე არსებულ რწყილებს აზიანებს, გარემოდან განმეორებითი დაინფიცირება კი მხოლოდ დროის საკითხია. ვეტერინარი დაგეხმარებათ უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატის არჩევაში თქვენი ძაღლის დასაცავად.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!