როგორ მოვიშინაუროთ ველური კნუტი?

როგორ მოვიშინაუროთ ველური კნუტი?

ბევრი შინაურ ცხოველზე მეოცნებე ადამიანი ფიქრობს ქუჩის კატის ან კნუტის აყვანაზე, მაგრამ ეჭვი ეპარებათ, რომ ასეთი ცხოველი დამჯერი გახდება, შიშობენ, ბინაში ტერიტორიის მონიშვნას ხომ არ დაიწყებს, ან ავეჯს ხომ არ გააფუჭებს. უდავოა, რომ ქუჩის ცხოველები აღზრდას ექვემდებარებიან, ამასთან, პატარა კნუტის მოშინაურება და გაკეთილშობილება გაცილებით მარტივია, ვიდრე დიდი კატისა. მთავარია აღიჭურვოთ მოთმინებით და დაიცვათ მარტივი წესები.

განსაზღვრეთ, რამდენად ველურია

დასაწყისისთვის ეცადეთ მიხვდეთ, ცხოველი მუდამ მიუსაფარი იყო თუ ცოტა ხნის წინ გადააგდეს. ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილ ველურ კნუტს, როგორც წესი, ადამიანების ეშინია, მოუვლელი ბეწვი აქვს. ხოლო, თუ ადამიანის დანახვაზე კნუტი კნავილს იწყებს, პანიკაში არ ვარდება და დამალვას არ ცდილობს, მისი ბეწვის საფარი კი შედარებით სუფთაა – შეიძლება ვივარაუდოთ რომ ის სახლიდან ცოტა ხნის წინ გამოაგდეს. ასეთი კნუტის მოშინაურება უფრო მარტივი იქნება. გაველურებული ცხოველის აღზრდაც შესაძლებელია, მაგრამ ამაზე გაცილებით მეტი დრო დაგჭირდებათ და შესაძლოა, რაღაც პრობლების მოგავრება მაინც ვერ მოახერხოთ. მაგალითად, შეიძლება კატა მთელი ცხოვრების მანძილზე არ ენდოს უცხო ადამიანებს, ან ეშინოდეს მათი.

პირველი ქმედებები

როდესაც ცხოველს სახლში მიიყვანთ, დრო უნდა მისცეთ გარემოს ბნელ კუთხეში შეეჩვიოს. არ ღირს პირველ ხანებში ზედმეტად ხელით შეეხოთ და შეაწუხოთ, მაგრამ ზოგიერთი პროცედურის ჩატარება, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ მოგიწევთ. პირველი: აუცილებელია შეუმოწმოთ ცხვირი და თვალები – გამონადენი მეტყველებს ინფექციის არსებობაზე. მეორე: უნდა დაბანოთ ცხოველი, გამოიყენეთ კნუტებისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნი, რათა ეკტოპარაზიტები მოაშოროთ. იყავით მზად იმისთვის, რომ კნუტი მსგავს პროცედურებს შეჩვეული არ არის, ის დაგიწყებთ კაწვრასა და კბენას. აუცილებელია ცხოველი ანახოთ ვეტექიმს, რათა მან განსაზღვროს კნუტის ასაკი, აიღოს აუცილებელი ანალიზები და გაგიწიოთ კონსულტაცია ვაქცინაციის, კვებისა და მოვლის შესახებ.

მოშინაურება

როდესაც ქუჩიდან აყვანილი კნუტი სახლს ოდნავ მიეჩვევა, შეგიძლიათ მისი მოშინაურება დაიწყოთ. დასაწყისისთვის, აჯობებს საკვებიანი ჯამი დაუდოთ მშვიდ ადგილას, სადაც სახლს ეჩვევა. პირველ ხანებში რეკომენდირებულია საკვები თხევადი იყოს , მშიერი ცხოველის ყურადღებას, წესით, სწორედ ასეთი საკვები მიიქცევს და თავშესაფრიდან გამოვა.

ნელ-ნელა ჯამი ოთახის ცენტრისკენ უნდა გადაადგილოთ, რითიც მანძილის გავლას აიძულებთ, შემდეგ შეგიძლიათ საკვები ხელისგულზე დაიდოთ და ისე მიაწოდოთ. როდესაც კნუტის ხელისგულიდან გამოკვებას მოახერხებთ, შეგიძლიათ სცადოთ მოეფეროთ, მაგრამ მკვეთრი მოძრაობების გარეშე , ხელი ნაზად დაადეთ ზურგზე ან თავზე. ტუალეტი

ქუჩის კნუტი მიეჩვეულია ასფალტზე ან ქვიშაში მოსამქებას, ამიტომ დასაწყისისთვის შეგიძლიათ აიღოთ სწორკუთხა ტუალეტი და შიგნით მიწანარევი ქვიშა ჩაყაროთ. ეს არაა ჰიგიენური, მაგრამ დროებით ზომას წარმოადგენს. კნუტი მასზე ყოველ ჯერზე უნდა დასვათ, როდესაც მოუსვენრადაა. როგორც წესი, ამის გაკეთება საკმარისია რამდენჯერმე, რათა ცხოველი ტუალეტის დანიშნულებას მიხვდეს, თუ ვერ მიხვდება, მისი დასჯა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იქამდე გაიმეორეთ ქმედება, სანამ არ მიხვდება.

დროთა განმავლობაში აუცილებელია ქვიშა შემავსებლით ჩაანაცვლოთ. თუ მიჩვევის პროცესი დასრულებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კნუტი შეუსაბამო ადგილებზე ისაქმებს, ეს ნიშანია იმისა, რომ რიგი მიზეზების გამო, თავს არაკომფორტულად გრძნობს: მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ყურადღების ნაკლებობა, ახალი ცხოველი და სხვა.

რამდენი ხანი დასჭირდება ცხოველის მოშინაურებას?

ვერცერთი სპეციალისტი-ზოოფსიქოლოგი ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. არავინ იცის ასეთი ცხოველის ადაპტაციას რამდენი ხანი დასჭირდება, შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე დღე ან თვე, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაველურებული იყო კნუტი, მის ხასიათზე, ასაკზე და ატმოსფეროზე ახალ სახლში. თუმცა, სათანადო სიყვარულისა და მზრუნველობის პირობებში, პატარა ველური საყვარელ შინაურ ცხოველად გადაიქცევა.  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!