იაპონური ბობტეილი
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა იაპონია
ბეწვის ტიპი მოკლე და გრძელბეწვიანი სიმაღლე 25-30 სმ წონა 2,5-5 კგ ასაკი 12-16 წელი
მოკლე ინფორმაცია • ბობტეილი საშუალო ზომის წაგრძელებული სხეულისა და მოკლე – სულ რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის – პონპონის მსგავსი კუდის მქონე კატაა; • აქტიური და მეგობრული ცხოველი, რომელსაც ფიზიკური დატვირთვა სჭირდება; • შინაურ ცხოველს ფეთქებადი ხასიათი აქვს და სხვადასხვა ოინბაზობების მოწყობაზე უარს არ იტყვის.
ხასიათი იაპონური ბობტეილები ადვილად ეგუებიან ახალ პირობებს. ისინი არ ინერვიულობენ, თუ უცნობი სასტუმროს ნომერში ან გამოფენაზე აღმოჩნდებიან, ამიტომ მოგზაურობისთვის შესანიშნავი კომპანიონები არიან. ძალიან კომუნიკაბელურები და მოლაპარაკეები არიან, ისინი სიამოვნებით იყენებენ თავიანთ მდიდარ ლექსიკას, ხან სხვადასხვა ტონალობაში ხმამღლა კნავიან, ხანაც – ჩუმად კრუტუნებენ. ამ კატებს უყვართ სხვადასხვა მოძრავი თამაშები და ყველა სახის ილეთებსაც ასრულებენ, რადგან ხტუნვა უყვართ. არიან ცნობისმოყვარეებიც და, შესაბამისად, აუცილებლად შეისწავლიან სახლის ყველა კუთხეს, რომელშიც ცხოვრობენ. შინაურ ცხოველს ფიზიკური აქტივობა სჭირდება (მაგალითად, თამაშის დროს მაღლა ახტომის შესაძლებლობა). ამისათვის შეგიძლიათ ჩამოსაკიდი საკაწრები ჩამოკიდოთ, ააწყოთ დაბრკოლებები და კატის დასაძინებელი ადგილი შემაღლებულ ადგილას მოაწყოთ. ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობამ, შესაძლოა კატას ქცევითი პრობლემები შეუქმნას. შეგიძლიათ გარეთ საბელით ასერნიოთ. მთავარია მისი ქცევის კორექტირება და ენერგიის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ჯიშის წარმომადგენლები ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი მუხლებში მშვიდად არ ჩაგიჯდებიან, თუმცა ურჩევნიათ პატრონთან ახლოს იყვნენ და მონაწილეობა მიიღონ ყველა საოჯახო საქმეში. ამ ჯიშის კატა პატრონს მხოლოდ კვალდაკვალ კი არ დაყვება – ის მას უთვალთვალებს და ყველაფერს სწავლობს. ამიტომ სავსებით შესაძლებელია იპოვოთ სარეცხ მანქანაში, სანაგვე ყუთში, კარადაში ან დივანის ბალიშების ქვეშ. გარდა ამისა, იაპონურ ბობტეილს უყვარს მექანიკურ სათამაშოებზე ნადირობა. შეუძლია ცოცხალი მღრღნელის დაჭერაც, რადგან ნადირობის ინსტინქტი კარგად აქვს განვითარებული. ამ კატას მშვენივრად ესმის ბრძანებები, მაგრამ თუ რაღაც ჩაიფიქრა, შესაძლოა მხოლოდ მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა სცადოთ, რადგან ვერ გადააფიქრებინებთ.
Leave your comment