როგორ გაჩნდნენ ძაღლები?

როგორ გაჩნდნენ ძაღლები?

ძაღლი საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება ადამიანის ნამდვილ მეგობრად. სწორედ ის მოიშინაურეს პირველად . დღეს მსოფლიოში 400-ზე მეტი ჯიში არსებობს – პატარა დეკორატიული ძაღლებიდან, გიგანტურ მცვლელ ჯიშებამდე. ძაღლის გაჩენის ისტორია, როგორც ჩანს, ცნობილია და არ მალავს რამე საიდუმლოებას: ადამიანმა მოათვინიერა ცხოველი დაცვისა და ნადირობისთვის. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. როგორ გაჩნდნენ ძაღლები ჩვენს ცხოვრებაში?

ველური წინაპარი

  ძაღლის წინაპრის როლის მთავარ პრეტენდენტად, ექსპერტები, მგელს მიიჩნევენ. მთავარი საიდუმლო მისი მოშინაურების დრო და ადგილია. მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან ამ საკითხზე. უძველესი აღმოჩენები, რომლებიც მოწმობენ ამ მოვლენას, დაახლოებით ძვ.წ. 30 ათასი წლით თარიღდება. უფრო მეტიც, ნაშთები გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ბელგიაში გოიას გამოქვაბულიდან დაწყებული, ციმბირში ალთაის მთებით დასრულებული. მაგრამ მოშინაურების ასეთი ადრეული მტკიცებულებაც კი არ ტოვებს მეცნიერებს გულგრილს: ძაღლს შეეძლო ადრე ეცხოვრა ადამიანის გვერდით, უბრალოდ მომთაბარე ცხოვრების წესი არ ითვალისწინებდა მათ დაკრძალვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის დამტკიცება შეუძლებელია. ძაღლების სამშობლო ჯერ დადგენილი არ არის. ითვლება, რომ მოშინაურების პროცესი ერთდროულად დაიწყო სხვადასხვა ტომებში, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ.     ადამიანისა და მგლის მეგობრობა   საინტერესოა ისიც, როგორ გახდა გარეული ცხოველი მოულოდნელად შინაური. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებმა ორი ვერსია წამოაყენეს. პირველის თანახმად, მგლები, ხალხთან დიდი ხნის მტრობის მიუხედავად, მიჰყვებოდნენ ტომებს, კრეფდნენ საკვების ნარჩენებს. თანდათანობით მოხდა დაახლოება გარეულ ცხოველსა და ადამიანს შორის. მეორე თეორიის თანახმად, კაცმა აიყვანა უდედო მგლის ლეკვები და გაზარდა ისინი ტომში, იყენებდა მათ დამხმარეებად და მცველებად.  
როგორიც არ უნდა იყოს ისტორია, ერთი რამ ცხადია: ერთად ცხოვრებამ გავლენა იქონია, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ფსიქოლოგიაზე. ადამიანები უკვე ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას ნადირობის ჩვევებს და ძაღლიც უფრო სოციალიზებული გახდა. შინამეურნეობის ეტაპობრივი განვითარება ცხოველებსაც შეეხო. მჯდომარე ცხოვრების წესმა, სოფლის მეურნეობამ და მესაქონლეობამ გააფართოვა ძაღლის ფუნქცია-მოვალეობები. მონადირედან ის დარაჯად და მწყემსად გადაიქცა.

ადამიანის სამსახურში

ძაღლი ყოველთვის იყო ადამიანის ერთგული დამხმარე. მე-17 საუკუნეში, შვეიცარიის ალპებში მდებარე, წმინდა ბერნარდის მონასტერში მაშველი ძაღლების ჯიში გამოიყვანეს. ისინი ეძებდნენ დაკარგულ და ზვავში მოყოლილ მოგზაურებს. როგორც მიხვდით, ეს „კეთილშობილი მაშველები“ სენბერნარები იყვნენ. ომში ძაღლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ. ისტორიული მონაცემებით, ცხოველებისთის ამის სწავლება 6 ათასი წლის წინ დაიწყეს. მეომარი ძაღლები ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში მსახურობდნენ. ითვლება, რომ ისინი გახდნენ ძაღლების მთელი ჯგუფის წინაპრები, რომლებსაც მოლოსებს ვუწოდებთ. მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან კანე კორსო, ტიბეტური მასტიფი, დობერმანი, გერმანული ბოქსერი და მრავალი სხვა.
ძაღლები, უშუალოდ, მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში. საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ნაგაზმა დინამ, რომელიც ცნობილი გახდა როგორც პირველი დივერსანტი ძაღლი; აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი ჯულბარსი, რომელმაც 7 ათასზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და შოტლანდიური კოლი დიკი. სანკტ-პეტერბურგის მახლობლად ჩატარებული ოპერაციის დროს მან აღმოაჩინა ნაღმი, რომელსაც პავლოვსკის სასახლე უნდა გაენადგურებინა. დღეს ძაღლის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა შეუძლებელია. ეს ცხოველები ყოველდღიურად მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში, გვეხმარებიან დამნაშავეების დაკავებაში, ადგენენ დაავადებებს და მკურნალობენ ადამიანებს. მაგრამ რაც მთავარია, ისინი უსასყიდლოდ გვინაწილებენ თავიანთ სიყვარულსა და ერთგულებას.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!