ცოფის საწინააღმდეგო აცრები

ცოფის საწინააღმდეგო აცრები

ცოფზე აცრა – მოცემულ მომენტში, პირველი და ერთადერთი სრულფასოვანი დაცვაა სასიკვდილო დაავადებისგან. სპეციალისტები გვირჩევენ, ის ყველა სახლის ცხოველს გაუკეთდეს ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. თუკი ჯერ კიდევ მაინც გეპარებათ ეჭვი, სჭირდება თუ არა ცოფზე აცრა თქვენს კატას, ჩვენ სტატიაში აგიხსნით, რატომ არის ეს აცრა აუცილებელი. ცოფი – სასივდილოდ საშიში ვირუსული დაავადებაა თბილსისხლიანი ცხოველებისთვის და ადამიანისთვის. ცოფი ყველგან გვხვდება, გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ამ დაავადებისგან თავისუფლად არის გამოცხადებული და ეს მკაცრი საკარანტინო ღონისძიებებით და გარეული ცხოველების აცრებით მოახერხეს, ცოფი სწორედ ველურ ცხოველებს გადააქვთ.

საქართველოში სახლის კატებისა და ძაღლების ცოფზე აცრა სავალდებულოა და ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს.

როგორ გადადის ცოფი?

ცოფის ვირუსის მთავარი გადამტანები გარეული ცხოველები არიან, მელიები, ენოტები, მაჩვები, მგლები, ტურები. ქალაქში ცოფის გადამტანად შეიძლება მიუსაფარი ძაღლები და კატები იქცნენ, ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ ცოფით დაავადება მხოლოდ ველურ ბუნებაშია შესაძლებელი, ხშირად, ეს სწორედ დიდ ქალაქებში ხდება. დაავადება ადამიანს ძირითადად დაავდებული ცხოველისგან გადაეცემა. ცხოველების სხვადასხვა სახეობებს ამ ვირუსისადმი განსხვავებული მგრძნობელობა აქვთ: მაგალითად, მიიჩნევა, რომ კატა ვირუსის მიმართ საკმაოდ მოწყვლადია, ისევე, როგორც მელიები და ენოტები.

დაავადების სიმპტომები

ცოფის ვირუსი მძიმედ აზიანებს ნერვულ სისტემას, სწორედ აქედან მომდინარეობს დაავადების კლინიკური სურათი: უჩვეულო ქცევა (ხასიათის ცვლილება), აგრესია, ზედმეტი აღგზნებულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, უჩვეულო გემოვნება, სინათლისა და წყლის შიში, კუნთების სპაზმები და პარალიზება, საკვების მიღება შეუძლებელი ხდება. ყველაფერი სრუდება კრუნჩხვებით, პარალიზებით, კომით და სიკვდილით. კატებს ცოფის აგრესიული ფორმა ახასიათებთ, მეტიც, ცოფის ვირუსი კლინიკური ნიშნების გაჩენამდე სამი დღით ადრე ცხოველის ნერწყვთან ერთად იწყებს გამოყოფას, არსებობს დაკვირვება რომ ცოფიანი კატა დაავადების აგრესიულ სტადიაში ყველას თავს ესხმის.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

ამ მომენტისთვის, ცოფის ეფექტური და სპეციფიკური მკურნალობის გზა არ არსებობს, დაავადება ყოველთვის სიკვდილით სრულდება ცხოველისთვისაც და ადამიანისთვისაც. ერთადერთი დაცვა – პროფილაქტიკური ვაქცინაციაა. 3 თვის ასაკიდან ცოფზე ყველა სახლის კატა უნდა აიცრას. ვაქცინა ერთჯერადად შეყავთ 12 კვირის ასაკში, რევაქცინაცია ხორციელდება ყოველწლიურად. არ არის რეკომენდირებული აუცრელი ცხოველის აგარაკზე წაყვანა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!