როგორ ვაბანაოთ კნუტი სწორად?
წესი N1: არ შეაშინოთ
პროცედურის ჩატარების წინ თავად დამშვიდდით: ცხოველი პატრონის განწყობას შესანიშნავად გრძნობს: მკვეთრი მოძრაობები, ტონის აწევა, ემოციები – ეს ყველაფერი კნუტს შეიძლება გადაეცეს და ზედმეტი აღელვება გამოიწვიოს. ის შეიძლება პანიკაში ჩავარდეს და გაიქცეს, სველი და შეშინებული ცხოველის დაჭერა კი, დაგვეთანხმებით, არც ისე სასიამოვნო პროცესია. პირველ ბანაობაზეა დამოკიდებული, მომავალში ამ პროცედურას ცხოველი როგორ გადაიტანს ხოლმე.
წესი N2: შევარჩიოთ სწორი საბანაო ჭურჭელი
არანაკლებ მნიშვნელოვანია კნუტს რაში აბანავებთ. საუკეთესოა მცირე ზომის ტაშტი ან ნიჟარა. ცხოველი მყარად და თავდაჯერებულად უნდა იდგეს თათებზე, ზედაპირი არ უნდა სრილებდეს – ამისთვის შეგიძლიათ პირსახოცის, რეზინის ან სილიკონისგან დამზადებული ხალიჩის ჩაფენა. წყალი კნუტს კისრამდე უნდა სწვდებოდეს.
წესი N3: წყლის სწორი ტემპერატურა
ზედმეტად ცხელი ან ცივი წყალი ცხოველს არ ესიამოვნება, პირიქით, შესაძლოა შეაშინოს და სამუდამოდ შეაძულოს ბანაობა. საუკეთესო ტემპერატურა 36-39 გრადუსია.
წესი N4: ყველაზე ბინძური ზონების დაბანა
ბანაობისას, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს თათებს, კანს ყურებზე, საზარდულსა და ზონას კუდის ქვეშ. როგორც წესი, ამ ადგილებში გროვდება ყველაზე მეტი ჭუჭყი და ცხიმი.
ამასთან, ყურადღება უნდა მიაქციოთ, წყალი ყურებში არ ჩაუვიდეს: ამან შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ოტიტიც კი. დაბანის დროს შეგიძლიათ კნუტს ყურებში ბამბის ტამპონები ჩაუდოთ.
Leave your comment