როგორ დავამეგობროთ კატა და ძაღლი?
ცხოველების გაცნობა
კატებისა და ძაღლების შეხვედრისას აუცილებელია მოთმინება. პირველ ეტაპზე მათ ერთმანეთი არ უნდა ნახონ. ეცადეთ, ცხოველები სახლში სხვადასხვა ადგილას შეინახოთ, რათა თანდათან მიეჩვიონ ერთმანეთის სუნს.
ამის პარალელურად სასურველია ძაღლთან მუშაობა, სასურველი ქცევის დადებითად გაძლიერება. მაგალითად, თუ სასეირნოდ ძაღლი ეზოს კატას არ აედევნა, შეაქეთ, მიეცით სასუსნავი.
მეორე ეტაპზე კატას და ძაღლს ერთმანეთს უკვე რეალურად აცნობენ. ამისათვის აირჩიეთ დიდი ოთახი და ერთი წუთით არ დატოვოთ თქვენი შინაური ცხოველები მარტო. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიძულოთ ერთმანეთისკენ წავიდნენ, დაე, დამოუკიდებლად იმოქმედონ. ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს რაც შეიძლება ბუნებრივად. ხშირად, ახალ მეზობელთან პირველი შეხვედრისას ძაღლი ემოციების მთელ სპექტრს ავლენს, სურს უკეთ გაიცნოს კატა. ეს ქცევა ჩვეულებრივ აშინებს კატას. ამ შემთხვევაში მოგიწევთ ძაღლთან მუშაობა ზედმეტი აქტივობის აღმოსაფხვრელად.
დახმარება დაახლოებაში
მას შემდეგ რაც კატა და ძაღლი ერთმანეთთან მშვიდად იქნებიან, დაეხმარეთ მათ უფრო ახლო კონტაქტის დამყარებაში. ერთობლივი გასეირნება ან კვება ხელს შეუწყობს ცხოველების დაახლოებას. კატებისთვის, განსაკუთრებით სახლის კატებისთვის სეირნობა სტრესულია. თანმხლები ძაღლი უცნობ სიტუაციაში მისი
ნაცნობი მფარველი გახდება. თავის მხრივ, ძაღლმა შესაძლოა კატა აღიქვას, როგორც ახალი პარტნიორი თავგადასავლების ძიებაში.
რაც შეეხება ერთობლივ კვებას, აქაც იგივე შენელებული პრინციპი მუშაობს. პირველ რიგში, გაცნობის პირველ ეტაპზე, სამზარეულოს კუთხეებში ცხოველების თასები განცალკევით უნდა დააწყოთ. თანდათან მიიტანეთ ისინი ახლოს ერთმანეთთან, ისე, რომ საბოლოოდ შინაურმა ცხოველებმა გვერდიგვერდ მიირთვან.
გარდა ამისა, ერთობლივი თამაშები ხელს შეუწყობს დაახლოებას. თუმცა, თუ კატამ ან ძაღლმა უკბინა პარტნიორს, თამაში უნდა შეწყდეს. თქვენ არ უნდა იყვიროთ, არ გაკიცხოთ დამნაშავე და არ შეიბრალოთ დაკბენილი დემონსტრაციულად. ამით თქვენ მხოლოდ მტრობას გააღვივებთ. საკმარისია თქვათ “არ შეიძლება” და შეწყვიტოთ თამაში. სამწუხაროდ, საერთო ენის გამონახვა კატისა და ძაღლისთვის ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ამ შემთხვევაში, შეეცადეთ არ მოახდინოთ ზეწოლა შინაურ ცხოველებზე, უმჯობესია ეცადოთ მათი ურთიერთობა ნეიტრალურ დონემდე მიიყვანოთ და შეზღუდოთ კომუნიკაცია. ალბათ დროთა განმავლობაში ისინი შეეგუებიან ერთმანეთს და შეწყვეტენ ბრძოლას.
Leave your comment