როგორ გავუწმინდოთ ძაღლს ყურები?

როგორ გავუწმინდოთ ძაღლს ყურები?

დაიმახსოვრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი: თუ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ძაღლს ყურებიდან გამონადენი აღენიშნება ან ყურები დაბინძრებული აქვს, მაშინ ეს დაავადების შედეგია და არა ყურების არ გაწმენდის. ძაღლის ჯანმრთელ ყურებს არ სჭირდება პროფილაქტიკური და რეგულარული გაწმენდა!
ძაღლის ან თუნდაც კატის ნორმალურ ჯანსაღ ყურს აქვს უნიკალური თვითწმენდის მექანიზმი, რომელსაც უზრუნველჰყოფს, გარე სასმენი არხის გარსით დაფარული, ეპითელიუმის მიგრაცია, ტიმპანური გარსიდან სასმენი არხის გარე ნაწილში. ეპითელურ უჯრედებთან ერთად იშლება მტვრის ნაწილაკები, თმები, ზედმეტი ყურის გოგირდი, ბაქტერიები და სოკოც კი. ამავდროულად, გარეთა სასმენი არხის ეპითელიუმი ძალიან თხელი და ნაზია, ადვილად შეიძლება დაზიანდეს არასათანადო წმენდით, განსაკუთრებით ბამბის ტამპონებით ან ბამბაში გახვეული პინცეტით.
ეპითელიუმის დაზიანება იწვევს მისი მიგრაციის დარღვევას, ზოგჯერ კი ანთებას, ყურის გოგირდის დაგროვებას, ყურის არხის ვენტილაციის დარღვევას, არხის სანათურში ტენიანობისა და ტემპერატურის მატებას და, შედეგად, მეორადი სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციების წარმოქმნას, რომლისთვისაც ტენიანობა, სითბო და ანთება, განვითარების ყველაზე საყვარელი პირობაა. ძაღლის ყურები შეიძლება მართლაც დაბინძურდეს, მაგალითად, თუ ძაღლი მიწაზე იწვა, ენთუზიაზმით თხრიდა სოროს სეირნობის დროს ან დახტოდა პარკში, ფოთლების გროვაში, მაგრამ ეს გავლენას მოახდენს ყურის ნიჟარის მხოლოდ შიდა ზედაპირზე. თუ ყურს გულდასმით დაათვალიერებთ და უკან გადაწევთ, დაინახავთ, რომ თავად ყურის არხი გამჭვირვალე და ღია ვარდისფერია. ამ შემთხვევაში ბამბის საფენი შეგიძლიათ დაასველოთ ნებისმიერი ყურის საწმენდი ლოსიონით (წამლების გარეშე) და ნაზად გაწმინდოთ ყურის ნიჟარის შიდა ნაწილი: ლოსიონი შესანიშნავად აშორებს ყურის გოგირდს. ამისთვის ბინტის საფენი არ არის შესაფერისი, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს კანის ზედაპირი ყურის ღრუში, სადაც ზედმეტად ნაზი კანია.
ყურების გასაწმენდად არ არის რეკომენდებული წყალბადის ზეჟანგის, სპირტიანი ხსნარების ან სხვადასხვა ზეთების გამოყენება.
თუ ძაღლს აღენიშნება ყურებიდან გამონადენი უსიამოვნო სუნით, მაშინ ეს დაავადებაა და არა არასაკმარისი მოვლის შედეგი. ნუ ეცდებით ყურების გაწმენდას და ამით ამ პრობლემის მოგვარებას, არამედ მიმართეთ ვეტერინარულ კლინიკას. დიაგნოზის დასადგენად დაგჭირდებათ: ზოგადი კლინიკური გამოკვლევა, ოტოსკოპია (ყურის გამოკვლევა სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიხედოთ სასმენი არხის შიგნით, შეაფასოთ მისი მდგომარეობა და დაათვალიეროთ დაფის აპკი) და შეამოწმოთ ყურის არხის შიგთავსი, აგრეთვე მიკროსკოპული გამოკვლევა ტკიპების, ბაქტერიების ან სოკოს არსებობაზე.
დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი დანიშნავს მკურნალობას და ამ მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტი (დამხმარე, მაგრამ მნიშვნელოვანი) იქნება ყურის არხის რეგულარული გაწმენდა გამონადენისგან, სპეციალური ლოსიონით – ამ შემთხვევაში ლოსიონი შეიძლება შეიცავდეს სამკურნალო საშუალებებს.
კლინიკაში ვიზიტზე ძაღლს გაუწმენდენ ყურებს (შეიძლება ითქვას გამორეცხავენ) და გაჩვენებენ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად. ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი სჯობს!. როგორც წესი, პროცედურა მოიცავს ყურში რამდენიმე მლ ხსნარის ფრთხილად ჩასხმას, ყურის ძირში არხის ნაზად დამასაჟებას, ლოსიონის ნარჩენების მოცილებას ბამბის ბურთით ან დისკით. ამის შემდეგ, ძაღლს თავის გამოძრავების საშუალებას აძლევენ. ჩვეულებრივ ლოსიონს 2-3-ჯერ ასხამენ თითოეულ ყურში. მომავალში თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად განახორციელოთ პროცედურა სახლში, მომდევნო საკონტროლო ვიზიტამდე კლინიკაში. ყურების გაწმენდის სიხშირე დამოკიდებულია დიაგნოზზე, რომელსაც ადგენს ვეტერინარი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!