კატების ვაქცინაციის გრაფიკი

კატების ვაქცინაციის გრაფიკი

ყოველ კატასა და კნუტს ესაჭიროება ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციის გრაფიკი იგეგმება ინდივიდუალურად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია ცხოველის ასაკზე და საცხოვრებელ პირობებზე.

ვაქცინის სახეობები

განასხვავებენ ვაქცინაციის ორ ტიპს: პირველადს კნუტებისა (ეს არის ვაქცინაციის სერია კნუტის სიცოცხლის პირველ წელს), და ზრდასრული კატებისთვის – იმ შემთხვევაში, თუ კატა უკვე მოზრდილია, მაგრამ არაფერია ცნობილი მისი ვაქცინაციის ისტორიაზე. მეორე ტიპია რევაქცინაცია – განმეორებითი ყოველწლიური ან სამ წელიწადში ერთხელ ვაქცინების შეყვანა უკვე შექმნილი იმუნიტეტის შენარჩუნბის მიზნით. არსებობს საბაზო (რეკომენდირებული) ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება ძირითადი დაავადებებისგან ცხოველის დასაცავად და დამატებითი ვაქცინები (რომლებიც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ან აუცილებლობიდან გამომდინარე, გაუკეთდეს ცხოველს). ყველა კატისთვის საბაზო ვაქცინად მიიჩნევა პანლეიკოპენიის, ჰერპესვირუსის, კალცივირუსის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები. დამატებით ვაქცინებს მიეკუთვნება კატების ვირუსული ლეიკემიის, იმუნოდეფიციტის, ბორდეტელეზის და ქლამიდიოზის საწინააღმდეგო ვაქცინები. საბაზო აცრების ჩასატრებლად ვაქცინის სახეობის არჩევა, ასევე, დამატებითი ვაქცინის შერჩევა ხორციელდება ვეტერინარის მიერ კატის გასინჯვისა და პარტონთან გასაუბრების შემდეგ ცხოველის ცხოვრების წესის და ინფექციური დაავადებების განვითარების შესაძლო რისკის შესახებ. მაგალითად, თუ კატა სახლში ერთადერთია, პატრონები არ გეგმავენ მის გამრავლებას, გამოფენებზე გაყვანას, საკმარისი იქნება საბაზო ვაქცინაცია, საგამოფენო ცხოველებს დასჭირდებათ დამატებითი ვაქცინები ვირუსული ლეიკემისა და ქლამიდიოზის წინააღმდეგ, რაც აუცილებელია იმ კატების შემთხვევაშიც, რომლებიც გარეთ სეირნობენ ან სხვა კატებთან ერთად ცხოვრობენ. არჩევანზე გავლენას ახდენს კატების რაოდენობა სახლში, ზოოსასტუმორებში სტუმრობის ისტორია პატრონების შვებულებაში ყოფნისას, აგარაკებზე სიარული და ზოგადად, პატრონებთან ერთად მოგზაურობის ისტორია.

ვაქცინაციის გრაფიკი

პანლეიკოპენიის, ჰერპესვირუსისა და კალცივირუსის საწინააღმდეგო პირველადი ვაქცინაციის დროს შეყავთ 2-4 კვირიანი ინტერვალით რამდენჯერმე, როგორც წესი, ცხოველის სიცოცხლის პირველ წელს რეკომენდირებულია 4-5 ვაქცინაციის ჩატარება – ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კნუტებს დედისგან გადაეცემათ ანტისხეულები, რომლებმაც, შესაძლოა, ვაქცინის საპასუხო იმუნიტეტის ფორმირებას ხელი შეუშალოს. ზოგ კნუტში ანტისხეულების რაოდენობა მცირეა, ზოგში – პირიქით, საშუალოდ, ანტისხეულები კნუტის სისხლში 8-9 კვირამდე რჩება, მაგრამ ზოგიერთ კნუტს უფრო მალე უქრებათ, ზოგს კი, 14-16 კვირამდე უნარჩუნდება. რაც შეეხება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ის ტარდება ერთხელ, მომდევნო წელს რევაქცინირებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა გაკეთდეს ცხოველის სიცოცხლის მეთორმეტე კვირიდან.

ზრდასრული კატების პირველადი ვაქცინაციისას ვაქცინა შეყავთ ორჯერ, 2-4 კვირის ინტერვალით, ცოფზე ზრდასრული კატა იცრება ერთხელ და რევაქცინაცია უტარდება 1 წელიწადში პირველი აცრიდან.

რევაქცინაცია ტარდება აქტიური დაცვის შესანარჩუნებლად ცხოველის ცხოვრების მანძილზე, ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების რისკზე და ადგილობრივ კანონმდებლობაზე. მაგალითისთვის, რინოტრაქეიტისა და კალიცივიროზის საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგეად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ნაკლებ ხანს ნარჩუნდება, განსხვავებით პანლეიკოპენიის საწინააღმდეგო ვაქცინის შეყვანის შედეგად ფირმირებულ იმუნიტეტზე, ამიტომ მაღალი რისკის მქონე კატების შემთხვევაში, თუ ისინი ზოოსასტუმროებისა და გამოფენების ხშირი სტუმრები არიან, შესაძლოა ყოველწლიური რევაქცინაცია დაგჭირდეთ, იმ დროს, როცა პანლეიკოპენიის საწინააღმდეგო აცრა შესაძლებელია მხოლოდ 3 წელიწადში ერთხელ გაუკეთოთ. საქართველოს კანომდებლობის თანახმად, ცოფზე აცრა ყოველწიურად უნდა ჩატარდეს. გრაფიკსა და აუცილებელი აცრების ნუსხას ვეტექიმი ადგენს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!