კატების ვაქცინაცია

კატების ვაქცინაცია

როდესაც კნუტის შეძენას გეგმავენ, მომავალი პატრონები ბევრ რამეზე ფიქრობენ ხოლმე: რა ჯიშის კნუტი იყიდონ, რა სქესის, რა დაარქვან, რა საკვები აჭამონ და სხვა, მაგრამ ძალიან ხშირად ავიწყდებათ ვეტერინარული კლინიკები და აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები. არსებობს მცდარი მოსაზრება რომ სახლის კატებს დაავადება არ მიეკარებათ (ისინი ხომ გარეთ არ გადიან!), მაგრამ სინამდვილეში საქმე ასე არაა. ნებისმიერ სახლის კატას სჭირდება ვეტპროცედურების მინიმალური ნაკრები, რომელშიც შედის ვეტექიმის მიერ მისი შემოწმება (ზრდისა და განვითარების შეაფასებლად) შიდა და გარე პარაზიტებზე დამუშავებების გრაფიკის შედგენა, პირველადი ვაქცინაცია და რეგულარული რევაქცინაცია, სტერილიზაცია ან კასტრაცია, ვეტექიმის პერიოდული მეთვალყურეობა.    

რატომ არის რევაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი?

იმიტომ, რომ ზოგიერთი დაავადების პრევენცია ვაქცინაციით უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობით. როგორ ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, მიუხედავად საუკეთესო მკურნალობისა. იმიტომ რომ ბევრი დაავადება, მაგალითად, პანლეიკოპენია, იგივე კატის ჭირი, ირიბი გზით გადაეცემა ცხოველს – ესე იგი, კატას ეს დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანისგან, მოვლის საშუალებით, დაინფიცირებულ ზედაპირთან კონტაქტით, ასევე, იმიტომ, რომ მრავალი დაავადება ერთად არის გავრცელებული და ყოველი მათგანი ძალიან გადამდებია. დაბოლოს, ცოფი – სასიკვდილო, უკურნელებელი სენია, რომელიც საშიშია არა მხოლოდ კატებისთვის და სხვა ცხოველებისთვის, არამედ – ადამიანებისთვისაც.

რა დაავადებების საწინააღმდეგო აცრებია აუცილებელი?

არსებობს საბაზო (რეკომენდირებული) ვაქცინები, რომლებიც ძირითადი დაავადებების საწინააღმდეგოდ კეთდება და დამატებითი ვაქცინები, რომლებსაც იყენებენ აუცილებლობიდან გამოდინარე. ყველა კატისთვის საბაზო ვაქცინად ითვლება პანლეიკოპენიის, ჰერპესვირუსის, კალიცივირუსის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები. დამატებითს მიაკუთვნებენ კატების ვირუსული ლეიკემიის, იმუნოდეფიციტის ვირუსის, ბორდეტელეზის და კატების ქლამიდიოზის საწინააღმდეგო ვაქცინებს. აუცილებელი ვაქცინების შერჩევა კატის ცხოვრების წესის გათვალისწინებით – გადის თუ არა გარეთ, დაყავთ თუ არა აგარაკზე, ცხოვრობენ თუ არა სახლში სხვა ცხოველები. ჩვეულებრივ, ვეტერინარი პატრონთან გასაუბრების შემდეგ წყვეტს, რომელი ვაქცინა გაუკეთდეს კატას.

როგორ მოვამზადოთ ცხოველი ვაქცინაციისთვის?

ვაქცინის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისთვის, გარდა ამისა, კატები რეგულარულად უნდა დამუშავდნენ ჰელმენტებზე. კლინიკაში პირველი ვიზიტისას, ექიმი დამუშავების გრაფიკს შეადგენს, გირჩევთ ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს.

ვეტერინარული დოკუმენტების გაფორმება

მონაცემები ვაქცინაციის შესახებ – ვაქცინის შეყვანის თარიღი, პარტიის სერია და ნომერი, ვაქცინის დასახელება, ვეტექიმის მონაცემები, რომელმაც ცხოველი აცრა, ვაქცინის შეყვანის მეთოდი და ადგილი შეყავთ კატის ვეტპასპორტში და ამოწმებენ მოცემულ ინფორმაციას ექიმის, ან ვეტკლინიკის ბეჭდით. ასევე, პასპორტში უთითებენ ინფორმაციას ჩიპირებაზე და პარაზიტებზე დამუშავების ისტორიას.

არსებობს თუ არა გართულებები ან გვერდითი მოვლენები?

უმეტეს შემთხვევაში, ცხოველს ვაქცინაცია სირთულეების გარეშე გადააქვს. არც ჯანმრთელობის მდგომარეობა ეცვლება და ქცევაც უცვლელია. იშვიათად, შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქცია, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვაქცინა ცხოველს ვეტკლინიკაში გაუკეთდეს და მისი შეყვანის შემდეგ, რამდენიმე საათი ან დღე-ღამის განმავლობაში დააკვირდნენ.
ძალიან იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია ნანემსარზე პოსტინექციური სარკომა განვითარდეს. ამ გართულების წარმოქმნის მიზეზი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მაგრამ ითვლება, რომ ანთებითი რეაქცია ვაქცინის შეყვანის ადგილას, უჯრედების გარდაქმნისა და სიმსივნური წარმონაქმნის განვითარების საფრთხეს ქმნის. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი რეაქცია გენეტიკურად გადადის. რისკის შესამცირებლად, რეკომენდირებულია ვაქცინის შეყვანა სხვადასხვა ადგილებში მოხდეს. კატის პატრონები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ცხოველებს და მიმართონ ვეტკლინიკას თუ ვაქცინის შეყვანის ადგილას 2სმ-ზე დიდი ზომის სიმკვრივეს ან მზარდ წარმონაქმნს შეამჩნევენ და ის ცხოველს ვაქცინაციის დღიდან 3 თვეზე მეტხანს აქვს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!