ძაღლების მშობიარობა

ძაღლების მშობიარობა

ლეკვების გაჩენა ნამდვილი გამოცდაა ძაღლის სხეულისთვის. პატრონის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ისწავლოს ამ პროცესის ფიზიოლოგიაზე, რათა დროულად მოემზადოს და დაეხმაროს თავის შინაურ ცხოველს. როგორ ხდება ლეკვების დაბადება?
ძაღლების ორსულობა, ჯიშის მიხედვით, გრძელდება 55-დან 72 დღემდე. თუ ეს დაგეგმილი ორსულობაა და თქვენ იცით შეჯვარების თარიღი, ლეკვების დაბადების თარიღის გამოთვლა არ გაგიჭირდებათ. საჭიროა ამ მომენტისთვის წინასწარ მომზადება.

მშობიარობისთვის მზადება

პირველი, რაც პასუხისმგებლიანმა პატრონმა უნდა გააკეთოს, არის ვეტერინართან მოლაპარაკება, რომ ის სახლში მოვიდეს, მშობიარობისთვის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ამ საკითხში გამოუცდელი ხართ ან ეს თქვენი შინაური ცხოველისთვის პირველი მშობიარობაა. გარდა ამისა, სასურველია სამსახურიდან ხანმოკლე შვებულების აღება ძაღლისა და ლეკვების მოვლისთვის. პირველ დღეებში ცხოველს თქვენი მხარდაჭერა და კონტროლი სჭირდება. რამდენიმე კვირით – დაბადებამდე ერთი თვით ადრე მოაწყვეთ ძაღლისთვის სპეციალური ადგილი მშობიარობისთვის, სწორედ იქ იცხოვრებს ლეკვებთან ერთად. ცხოველი მას უნდა შეეგუოს, თორე ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ძაღლი ოთახის კუთხეში ან დივნის ქვეშ დაიმალება. ზოგიერთ პატრონს ურჩევნია, დივანზე ან იატაკზე იმშობიაროს, ამისათვის წინასწარ მოამზადეთ ცელოფანი და ზეწრები. ეს განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი დიდი ზომისაა.

მშობიარობა

ლეკვების გაჩენის პროცესი პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ეტაპად: მოსამზადებელი, ჭინთვები და ლეკვების დაბადება. მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება 2-3 საათიდან 1 დღემდე. ამ დროს, ძაღლის ქცევა მკვეთრად იცვლება: ის მოუსვენარი ხდება, ჩქარობს, ცდილობს დამალვას, ან, პირიქით, არც ერთი ნაბიჯით არ გშორდებათ. თუ მოსამზადებელი ეტაპი დღეზე მეტხანს გაგრძელდება, სასწრაფოდ უნდა გამოიძახოთ ვეტერინარი: პროცესის გადადებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პერიოდი არის თვალსაჩინო და დროა, გამოიძახოთ ვეტერინარი მშობიარობის ჩასატარებლად. მშობიარობის დაწყება აღინიშნება ამნიონური სითხის გამოსვლით. როგორც წესი, სითხით სავსე ბუშტი თავისით სკდება, ან ძაღლი თვითონ ღრღნის მას. პირველი ლეკვი უნდა დაიბადოს 2-3 საათის შემდეგ.
მშობიარობა 3-დან 12 საათამდე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ პროცესი 24 საათამდე ჭიანურდება. ლეკვები რიგ-რიგობით ჩნდებიან 15 წუთიდან – 1 საათის ინტერვალით.
როგორც წესი, მათი პოზიცია გავლენას არ ახდენს პროცესზე: ისინი შეიძლება დაიბადონ თავით ან უკანა ფეხებით. მშობიარობის დასკვნითი ეტაპია საშვილოსნოს შეკუმშვა და პლაცენტის გამოსვლა (ყოველი ახალი ლეკვის შემდეგ გამოდის). არ გაგიკვირდეთ, რომ ძაღლი შეჭამოს პლაცენტა და ნაყოფის გარსიც, მაგრამ ყურადღებით დააკვირდით ამ პროცესს. არ დაუშვათ ძაღლმა შეჭამოს 2-ზე მეტი მომყოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ღებინება გარდაუვალია.

მშობიარობის შემდგომი მოვლა

დედას და მის ლეკვებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, დაბადებიდან პირველ დღეებში. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია კვებასთან. ლაქტაციის პერიოდში მიაწოდეთ ცხოველს ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი. გამოიყენეთ სპეციალური საკვები ორსული და მეძუძური ცხოველებისთვის.
ყველაზე ხშირად, როგორც მზრუნველ დედას, ძაღლს არ სურს ლეკვების უყურადღებოდ დატოვება. თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს გასეირნების პრობლემები. ძაღლს სჭირდება გასეირნება, რადგან სიარული ასტიმულირებს რძის ნაკადს, ასევე ხელს უწყობს ცხოველის სხეულის ფორმის აღდგენას. ლეკვების დაბადება იოლი პროცესი არ არის და ძაღლის პატრონი ამისთვის, გულდასმით უნდა მოემზადოს. მაგრამ გახსოვდეთ: როგორი მომზადებულიც არ უნდა იყოთ, აუცილებელია, დროულად მიმართოთ ვეტერინარს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!