როდის იწყება ძაღლებში სექსუალური მომწიფება?

როდის იწყება ძაღლებში სექსუალური მომწიფება?

სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ან პუბერტატი, ხასიათდება ძაღლის გამრავლების უნარით. სქესობრივი მომწიფება განისაზღვრება პირველი ესტრუსის დაწყებით – უფრო ზუსტად, სქესობრივი ციკლის პირველი ეტაპის – პროესტრუსით.
სქესობრივი მომწიფების დაწყება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოიპოვებს მდედრი სხეულის ოპტიმალურ წონას და, შესაბამისად, დამოკიდებულია ძაღლის ზომასა და ჯიშზე. ამრიგად, ბევრი მცირე და საშუალო ზომის ჯიშის ძაღლი სქესობრივ მომწიფებას აღწევს 6-დან 10 თვემდე, ხოლო ზოგიერთი დიდი ან გიგანტური ზომის ჯიში სქესობრივ მომწიფებას 2 წლამდე ვერ აღწევს.
მიუხედავად ამისა, ოპტიმალური ფერტილურობა, ანუ მაქსიმალური რეპროდუქციული უნარი (ნაყოფიერება) ხდება მეორე- მეოთხე ესტრუსის დროს.
ესტრუსის ხანგრძლივობა და ხასიათი შეიძლება განსხვავდებოდეს სქესობრივი მომწიფების ასაკს მიღწეულ და უკვე მომწიფებულ მდედრებს შორის. ახალგაზრდა, მოუმწიფებელი ძაღლები ხშირად ავლენენ მცირე სექსუალურ ქცევას ოვულაციის დროსაც კი და მათი საერთო ესტრუსის ხანგრძლივობა შეიძლება, უფრო მოკლე იყოს.
გარდა ამისა, პირველი ესტრუსი ხშირად მიმდინარეობს ე.წ. “გაყოფილი ესტრუსის” ტიპის მიხედვით. გაყოფილი ესტრუსის დროს ძაღლი, თავდაპირველად, ავლენს ესტრუსის ჩვეულ ნიშნებს: ვულვის შეშუპება, სისხლიანი გამონადენი ვულვიდან; მდედრი იზიდავს მამრებს და შეიძლება, მოინდომოს შეჯვარებაც კი. მალე ესტრუსის კლინიკური ნიშნები მთავრდება, მაგრამ რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ისინი განახლდება. ფაქტია, რომ გაყოფილი ესტრუსის პირველი ნახევარი გადის ოვულაციის გარეშე, ხოლო ოვულაცია, როგორც წესი, ხდება მეორე ნახევარში. ასევე არსებობს “ფარული ესტრუსის“ კონცეფცია. ამ შემთხვევაში, ესტრუსის კლინიკური ნიშნები და ხვადების ინტერესი მსუბუქად გამოხატულია ან სრულიად არ არსებობს, ხოლო ოვულაცია მიმდინარეობს. ფარული ესტრუსი უფრო ხშირად გვხვდება ძაღლებში, რომლებმაც ახლახან მიაღწიეს პუბერტატს, მაგრამ, ხშირია მომწიფებულებშიც.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!