როგორ მივხვდეთ, რომ ძაღლი ორსულადაა?

როგორ მივხვდეთ, რომ ძაღლი ორსულადაა?

არსებობს ორსულობის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდი. განასხვავებენ ადრეულ და დაგვიანებულ მეთოდებს. თითოეულ მათგანს აქვს მთელი რიგი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ადრეული დიაგნოსტიკა

ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდები მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევასა და სისხლის ანალიზს ჰორმონ რელაქსინის დონის დასადგენად. რეპროდუქციული სისტემის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია და მისი ჩატარება რეკომენდებულია ორსულობის 21-ე დღეს. ოვულაციის დროის ცოდნა ამცირებს ცრუ, უარყოფითი შედეგების რაოდენობას და საშუალებას გაძლევთ ზუსტად იცოდეთ ორსულობის ვადა. უპირატესობებში შედის პროცედურის მისაღები ფასი, ხელმისაწვდომობა და, შედარებით, უსაფრთხოება, ასევე ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრის შესაძლებლობა და ორსულობის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგიების დროული გამოვლენა. მინუსი არის ნაყოფის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრის სირთულე.
ჰორმონი რელაქსინი გამომუშავდება პლაცენტის მიერ ნაყოფის საშვილოსნოში იმპლანტაციის შემდეგ, ამიტომ სისხლის ტესტი მის დასადგენად ტარდება ორსულობის 21-25-ე დღის შემდეგ. არსებობს ტესტ-სისტემები სისხლში ამ ჰორმონის დონის დასადგენად. ოვულაციის დროის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ შეიძლება, გამოიწვიოს ტესტის არასწორი, უარყოფითი შედეგები, ვინაიდან ფაქტობრივი ორსულობის ვადა ნაკლებია და იმპლანტაცია ჯერ არ მომხდარა. დადებითი შედეგი არ იძლევა ინფორმაციას ნაყოფის რაოდენობისა და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ.

დაგვიანებული დიაგნოსტიკა

ორსულობის დადგენა რენტგენოგრაფიის გამოყენებით, გვიანი დიაგნოზის მეთოდია და არ შეიძლება ორსულობის 42-ე დღემდე, მაგრამ ამ მეთოდის უპირატესობა არის ნაყოფის რაოდენობის უფრო ზუსტი განსაზღვრა და ლეკვის ზომისა და დედის მენჯის თანაფარდობის შეფასება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მათი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.

ორსულობის დროს დაგეგმილი ღონისძიებები

წარმატებული ადრეული დიაგნოზის შემდეგ, ვეტერინარმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, კლინიკაში პატრონის შემდგომი ვიზიტების შესახებ და შეიმუშაოს მოქმედების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ეფუძნება ორსულობისა და მშობიარობის პათოლოგიების პოტენციურ რისკებს კონკრეტულ ძაღლში ან ჯიშში, პაციენტის წარსული დაავადებების ისტორია და ინფექციური აგენტების ზემოქმედების რისკი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პერიოდულად სისხლის ანალიზის გაკეთება ჰორმონი პროგესტერონის დონის დასადგენად და განმეორებითი ულტრაბგერითი გამოკვლევა. ძაღლების ჰერპესის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება სერონეგატიურ მდედრებში (ანტისხეულების ნულოვანი ტიტრით) და სეროპოზიტიურ მდედრებში (ანტისხეულების მაღალი ტიტრით) არადამაკმაყოფილებელი ანამნეზით, ევრიკანის ჰერპესის ვაქცინით, ორჯერ – ესტრუსის დროს და მშობიარობამდე 10-14 დღით ადრე.
რეპროდუქციული სისტემის კლინიკური და ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს რამდენჯერმე, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ორსულობის 35-40 დღიდან დაწყებული, ექოსკოპიით შეგიძლიათ განსაზღვროთ, მშობიარობამდე დღეების რაოდენობა. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ბიოქიმიური და ზოგადი კლინიკური სისხლის ტესტი, ასევე სისხლის ანალიზი ჰორმონ პროგესტერონის დონის დასადგენად. ნაყოფის ჰელმინთებით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, მილბემიცინით დეჰელმენტიზაცია ტარდება ორსულობის მე-40-42-ე დღეს. ორსულობის 35-40 დღიდან მდედრის რაციონი იზრდება 25-30%-ით ან მასში ლეკვის საკვებს ამატებენ, ვინაიდან ამ პერიოდიდან ნაყოფი იწყებს წონაში აქტიურ მატებას და იზრდება დედის ორგანიზმიც. ორსულობის დროს კალციუმის გადაჭარბებული მიღება თავიდან უნდა ავირიდოთ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა მშობიარობის შემდგომი ეკლამფსია, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება უჯრედგარე კალციუმის მარაგის ამოწურვით. ორსულობის 55-ე დღიდან პატრონმა, მშობიარობის მოლოდინში, უნდა გაზომოს ძაღლის სხეულის ტემპერატურა.

ორსულობის ხანგრძლივობა

ორსულობის ხანგრძლივობა პირველი შეჯვარებიდან შეიძლება განსხვავდებოდეს 58-დან 72 დღემდე. თუ ოვულაციის დღე ცნობილია, დაბადების თარიღის დადგენა უფრო ადვილია – ამ შემთხვევაში ორსულობის ხანგრძლივობაა 63 (+ – 1) დღე, ოვულაციის დღიდან.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!