
როგორ დავამეგობროთ კატა და ძაღლი?

შინაური ცხოველების მეგობრობისთვის საჭიროა პრევენციული ღონისძიებები: სოციალიზაცია, განათლება და წვრთნა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოგიწევთ კინოლოგს მიმართოთ.
ცხოველების გაცნობა
კატისა და ძაღლის გაცნობისას აუცილებელია მოთმინება. პირველ ეტაპზე მათ ერთმანეთი არ უნდა ნახონ. ეცადეთ, ცხოველები სახლში სხვადასხვა ადგილას გყავდეთ, რათა თანდათან მიეჩვიონ ერთმანეთის სუნს. ამის პარალელურად სასურველია ძაღლთან მუშაობა, ქცევის დადებითად გაძლიერება. მაგალითად, თუ სასეირნოდ ძაღლი ეზოს კატას არ გაეკიდებაა, შეაქეთ ის და დააჯილდოეთ. მეორე ეტაპზე კატა და ძაღლი ერთმანეთს უკვე რეალურად ეცნობიან. ამისათვის აირჩიეთ დიდი ოთახი და ერთი წუთით არ დატოვოთ თქვენი შინაური ცხოველები მარტო. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე.არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიძულოთ ცხოველები ერთმანეთისკენ წავიდნენ, დაე, დამოუკიდებლად იმოქმედონ. ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს რაც შეიძლება ბუნებრივად.
ხშირად, ახალ მეზობელთან პირველი შეხვედრისას ძაღლი ემოციების მთელ სპექტრს ავლენს, სურს უფრო ახლოს გაიცნოს. ეს ქცევა ჩვეულებრივ აშინებს კატას. ამ შემთხვევაში მოგიწევთ ძაღლთან მუშაობა ზედმეტი აქტივობის აღმოსაფხვრელად.
დაეხმარეთ დაახლოებაში
გარდა ამისა, ერთობლივი თამაშები ხელს შეუწყობს დაახლოებას. თუმცა, თუ კატამ ან ძაღლმა უკბინა პარტნიორს, თამაში უნდა შეწყდეს. ხმას არ აუწიოთ, არ გაკიცხოთ დამნაშავე და დემონსტრაციულად ნუ შეიბრალებთ მსხვერპლს. ასე მხოლოდ ურთიერთმტრობას გააღვივებთ. საკმარისია თქვათ “არ შეიძლება” და შეწყვიტოთ თამაში. სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი კატამ და ძაღლმა საერთო ენა გამონახონ. ამ შემთხვევაში შეეცადეთ არ მოახდინოთ ზეწოლა შინაურ ცხოველებზე დამეგობრების მცდელობაში, უმჯობესია ეცადოთ მათი ურთიერთობა ნეიტრალურ დონემდე მიიყვანოთ და შეუზღუდოთ კომუნიკაცია. ალბათ დროთა განმავლობაში ისინი შეეგუებიან ერთმანეთს და შეწყვეტენ ბრძოლას.
Leave your comment