უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები იმდენად აშკარაა, რომ არაა საჭირო ვეტერინარი იყოთ იმისთვის, რათა მიხვდეთ, რომ თქვენი შინაური ცხოველი ავად გახდა. მაგალითად, თქვენ წახვედით ძაღლთან ერთად სოფელში და სტუმრებმა მას მწვადი აჭამეს, დღეს კი ძაღლს ღებინება აღენიშნება და ის უარს ამბობს ჭამაზე. ან ძაღლი ყურს იქავებს, აღენიშნება სიწითლე, ტკივილი, უსიამოვნო სუნის ყავისფერი გამონადენი. აქ ყველაფერი ნათელი და აშკარაა: შემდეგი ნაბიჯი არის ვეტერინართან ვიზიტი.
თუმცა, დაავადებები ყოველთვის ასე შესამჩნევად არ ვლინდება, ზოგჯერ ცვლილებები თანდათანობით მიმდინარეობს და ამიტომ არც ისე თვალშისაცემია.
ძაღლების პატრონებმა რეგულარულად უნდა ჩაატარონ სისტემური გამოკვლევები, რაც ხელს შეუწყობს შინაური ცხოველის დაავადების ადრეულ სტადიაზე იდენტიფიცირებას და დროულად მკურნალობას.
ასეთი გასინჯვის პრინციპი ძალიან მარტივია: ფრთხილად უნდა დაათვალიეროთ ძაღლი ცხვირის წვერიდან კუდის წვერამდე. მაშასადამე, ცხვირი – ფერისა და სტრუქტურის დარღვევის გარეშე, გამონადენის გარეშე; თვალები – ნათელი და სუფთა, ყურები – სუფთა, გამონადენისა და უსიამოვნო სუნის გარეშე; აკურატულად ვახორციელებთ ყურის ძირისა და ძაღლის მთელი თავის პალპაციას (ხელით გასინჯვას), ვსაზღვრავთ არის თუ არა ტკივილი და ფორმის ცვლილება. ვათვალიერებთ პირის ღრუს – ვამოწმებთ კბილებს, ღრძილებსა და ენას (ჯანმრთელი ღრძილები ღია ვარდისფერია, კბილები ქვებისა და ნადების გარეშე).
გადავაადგილდებით ძაღლის სხეულის გასწვრივ, ვსინჯავთ ზურგს, გვერდებსა და მუცელს, ვაფასებთ ჭარბი წონის არსებობას, ავღნიშნავთ მტკივნეულობას, შეშუპებას ან ახალ წარმონაქმნებს. მდედრებში ყურადღებით ვამოწმებთ თითოეულ სარძევე ჯირკვალს. ვაფასებთ სასქესო ორგანოების მდგომარეობას, გამონადენის არსებობას, ზომის ცვლილებებს. ვწევთ კუდს და ვამოწმებთ ყველაფერს, რაც მის ქვეშაა.
თითოეულ თათს რიგრიგობით ვწევთ, ვაფასებთ ბალიშების, თითებს შორის სივრცეებისა და კლანჭების მდგომარეობას. ყურადღებას ვაქცევთ ბეწვს და კანის მდგომარეობას, ავღნიშნავთ ბეწვის ერთგვაროვნებას და ყურადღებას ვაქცევთ გამონაყარს, ნაკაწრებს და კანის პიგმენტაციის ცვლილებას.
ძაღლს ვსინჯავთ გარე პარაზიტებზე: რწყილები ხშირად გვხვდება ზურგზე, კუდის ძირში და იღლიების მიდამოში. იქსოდის ტკიპები თავსდებიან ყურების ძირში, კისრის ქვედა ნაწილში, საყელოს ქვეშ, ასევე იღლიებისა და საზარდულის მიდამოებში.
გასინჯვის გარდა ვაფასებთ ძაღლის ზოგად განწყობას, საკვებისა და წყლის მიღებას, შარდვისა და დეფეკაციის ხასიათს, აქტივობას სეირნობისას; ვაკვირდებით როგორ დარბის და დახტის ძაღლი, ყურადღებას ვაქცევთ სიარულის ნებისმიერ ცვლილებას.
ენდეთ თქვენს ინტუიციას! თუ სახლის პირობებში გასინჯვის დროს რამე დარღვევა არ აღმოჩენილა, მაგრამ მაინც რჩება ეჭვები, რომ ძაღლს რაღაც სჭირს, მაშინ ჯობს მიმართოთ ვეტერინარულ კლინიკას.
Leave your comment