მითები ვაქცინაციის შესახებ

მითები ვაქცინაციის შესახებ

ყოველწლიურად მასობრივი პროფილაქტიკური ვაქცინაცია მილიონობით ადამიანსა და ცხოველს უნარჩუნებს სიცოცხლეს, მთელ მსოფლიოში. თუმცა, ვაქცინაციის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მითი და ცრურწმენა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

მითი 1. ჩემი ძაღლი შერეული ჯიშისაა, ბუნებრივად აქვს კარგი იმუნიტეტი, ვაქცინაცია მხოლოდ ჯიშიან ძაღლებს სჭირდებათ.

სრულიად არასწორია, რადგან იმუნიტეტი ინფექციური დაავადებების მიმართ არ არის საერთო, არამედ სპეციფიკურია. შერეული ჯიშის ძაღლები ან მაწანწალები, ისეთივე მგრძნობიარეები არიან დაავადების მიმართ, როგორც სუფთა ჯიშის ძაღლები. სპეციფიკური იმუნიტეტი ყალიბდება ინფექციურ აგენტთან – ანტიგენთან ურთიერთქმედებით , რომელიც წარმოიქმნება დაავადების ან ვაქცინაციის შედეგად. ძაღლის ჯიშს, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს; უფრო მარტივია ვაქცინაციის ჩატარება, ვიდრე ძაღლს დაავადების რისკი შევუქმნათ, ბუნებრივი იმუნიტეტის არსებობის იმედით.  

მითი 2. ამ ჯიშის ძაღლის აცრა არ შეიძლება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციით.

ძაღლების სელექციონერების ცოდნის დონის ამაღლების შემდეგ, ასეთი მითები პრაქტიკულად გაქრა, მაგრამ მოდით განვმარტოთ: ყველა ძაღლი შეიძლება და უნდა ავცრათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯიშს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მითი დაფუძნებულია ინდივიდუალურ გამოცდილებაზე: შესაძლოა სელექციონერს ნანახი ჰქონდეს ალერგიული რეაქციების ერთი ან მეტი შემთხვევა და გამოიტანა ზოგადი დასკვნები.

მითი 3. ვაქცინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, არ ღირს გარისკვა.

ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ დაავადებასთან დაკავშირებული რისკი გაცილებით დიდია, ვიდრე ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების. ცხოველების უმეტესობას ვაქცინაცია, მათი ზოგადი მდგომარეობის ცვლილების გარეშე გადააქვს. ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები არის: ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მატება, მადის დაქვეითება და ზოგჯერ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა. როგორც წესი, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, რაღაც დროის შემდეგ, თავისით გადის.
ზოგიერთ შემთხვევაში ინექციის ადგილას ვითარდება ანთებითი რეაქცია და ამ სიტუაციაში უმჯობესია ძაღლის მიყვანა მკურნალ ვეტერინართან. იშვიათად, შეინიშნება სხვადასხვა სიმძიმის ინდივიდუალური ალერგიული რეაქციები – ქავილისა და მსუბუქი შეშუპებიდან, ანაფილაქსიურ ეს უკანასკნელი ძალიან იშვიათად ვითარდება. ამიტომ რეკომენდებულია, დავაკვირდეთ ძაღლის მდგომარეობას, ვაქცინაციის შემდეგ პირველ დღეს.

მითი 4: შემიძლია ჩემით ჩავატარო ვაქცინაცია; რატომ უნდა დავხარჯო დამატებითი თანხა კლინიკაში, როდესაც ვაქცინის შეძენა შესაძლებელია უახლოეს ზოომაღაზიაში.

ვაქცინაცია არ არის მხოლოდ ვაქცინის შეყვანა. ეს ზოგადი კლინიკური გასინჯვაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ძაღლი ჯანმრთელია და არ აქვს ვაქცინაციის უკუჩვენება. ეს ვაქცინაციის ინდივიდუალური გრაფიკის დაგეგმვაა, ვინაიდან მათი უმეტესობა საჭიროებს რევაქცინაციას და სპეციალურ მომზადებას (პარაზიტების საწინააღმდეგო მკურნალობას). და ბოლოს, ვეტერინარულ კლინიკაში მოხდება ვაქცინაციის დაფიქსირება და დოკუმენტირება, რაც გამოგადგებათ მოგზაურობისთვის.

მითი 5. ჩემი ძაღლი პრაქტიკულად არ გადის გარეთ / ცხოვრობს შემოღობილ ადგილას / არ ეკონტაქტება სხვა ძაღლებს – რატომ ავცრა როცა ინფექციის რისკი მინიმალურია?

სინამდვილეში, ყველა ვირუსული ინფექცია არ გადადის მხოლოდ პირდაპირი კონტაქტით: მაგალითად, ძაღლებში პარვოვირუსული ენტერიტის გამომწვევი აგენტი მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ და ადვილად გადადის ინფიცირებული ადამიანებით ან მოვლის საშუალებებით. მართლაც, ყველა ძაღლს არ სჭირდება ვაქცინების სრული ნაკრები, ზუსტად ამიტომ ვაქცინაციის განრიგი იგეგმება ყოველთვის ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ძაღლის ცხოვრების პირობებსა და წესზე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!