ხმაურიანი დღესასწაულები: როგორ დავეხმაროთ ძაღლს ფეიერვერკის შიშის დაძლევაში
ექსპერტები ამბობენ, რომ ძაღლისთვის, პირველ რიგში, იზოლირებული ადგილი უნდა მოაწყოთ, სადაც ფეიერვერკების კაშკაშა შუქი არ მიაღწევს, რადგან ცხოველს არანაკლებ ეშინია ამ ნათების. შეგიძლიათ თქვენი შინაური ცხოველი ჩასვათ ძაღლის გადასაყვან კონტეინერში: ასე ის თავს დაცულად იგრძნობს. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია ცხოველის გათავისუფლება ყოველ ოთხ საათში ერთხელ.
დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე, ექსპერტები გვირჩევენ, ძაღლი ფსიქოლოგიურად მოვამზადოთ. უმჯობესია გამოიყენოთ ფეიერვერკების ჩანაწერი, რომელიც უნდა ჩართოთ ძაღლის პოზიტიურ მოქმედებამდე – მაგალითად, ჭამამდე, სეირნობის ან თამაშის დაწყებამდე. ამასთანავე, ყოველდღე უფრო და უფრო ხმამაღალი უნდა იყოს ჩანაწერის ხმა. ასე შინაურ ცხოველს ჩამოუყალიბდება დადებითი დამოკიდებულება ფეიერვერკის მიმართ და სადღესასწაულო ჟრიამული მას არ გააკვირვებს.
ფეიერვერკის ხმის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში, ექსპერტები გვთავაზობენ, ძაღლს ჩავურთოთ ხმამაღალი მუსიკა, რათა შეეგუოს ხმაურს.
ბრიტანელი ვეტერინარი ჯიმ უოლისი აღნიშნავს, რომ დღესასწაულების დროს ძაღლი აქცევს დიდ ყურადღებას პატრონის ქცევას. პირველ რიგში, არ შეიძლება შინაური ცხოველის წინასწარ დამშვიდება: ამ გზით ცხოველს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ რაღაც საშინელება უნდა მოხდეს. თუ ძაღლი შეშინებულია, არ შეიძლება მისი გაკიცხვა, ჯობს ცოტა ხნით ყურადღება არ მიაქციოთ. ეს მიანიჭებს ძაღლს თავდაჯერებულობას და როდესაც ის ცოტათი დამშვიდდება, შეგიძლიათ ეთამაშოთ მას და მიართვათ რამე სასუსნავი.
ვეტერინარები ამტკიცებენ, რომ შინაური ცხოველებისათვის სედატიური და დამამშვიდებელი საშუალებების მიცემა არ არის რეკომენდებული, რადგან უმეტეს შემთხვევაში ისინი არ იძლევიან სასურველ ეფექტს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ შეიძინოთ წვეთები ფერომონებით, რომლებიც გამოიყოფა მეძუძური ძაღლების მიერ ახალშობილი ლეკვების დასამშვიდებლად. კიდევ ერთი საშუალებაა სპეციალური ჟილეტი, რომლის ქსოვილი მჭიდროდ ერგება ცხოველის სხეულს, ამგვარად ქმნის სახვევის ეფექტს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. და ბოლოს, ყველაზე მშიშარა ძაღლებისთვის არის სპეციალური ყურსასმენები, რომლებიც ერგება ძაღლს მისი თავის ფორმის შესაბამისად და მაგრდება სპეციალური თასმებით.
Leave your comment